აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, გორში „ოქონობა“ აღინიშნება. როგორც წესი, ამ დღეს, ტაძრებში წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, ოქონის ხატის თანხლებით, ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ეწყობა, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სახალხო დღესასწაულის აღნიშვნას, დღეს, მასშტაბური სახე არ ექნება.
წელს, ოქონის მშენებარე ეკლესიის ნაცვლად, ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) სადღესასწაულო წირვა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლინა. წირვის შემდეგ კი, სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით, ქალაქის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.
კონსტანტინე თაზარაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი: „ოქონობას გილოცავთ ჩემო გორელებო! ფარავდეს მისი მადლი და ძალა სრულიად საქართველოს! მოგეხსენებათ, ეს დღე, ჩვენი ქალაქისთვის რამდენიმე წელია უკვე, სახალხო დღესასწაულად იქცა. სამწუხაროდ, წელს, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, განსხვავებულად გვიწევს აღნიშვნა, მაგრამ მჯერა, ეს ყველაფერი მალე დასრულდება და გორი კიდევ ბევრჯელ იზეიმებს ოქონობას!