21.04.2020 12:08
გორის მუნიციპალიტეტის მერია უსახსროდ დარჩენილი ოჯახების დახმარებას აგრძელებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია, უსახსროდ დარჩენილი ოჯახების დახმარებას აგრძელებს. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, საკვები პროდუქტების გარეშე დარჩენილ მარტოხელა მოხუცებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს ადგილობრივი თვითმმართველობა სასურსათო პაკეტებს გადასცემს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ჩიხრაძის ინფორმაციით, ზემოხსენებული აქცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და ერთჯერადად, დახმარებას ყველა ის პირი/ოჯახი მიიღებს ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის 200 000 ლარი გამოიყო, აქედან 150 000 ლარი მოსახლეობისთვის გადასაცემი საკვები პროდუქტების შესაძენადაა მიმართული. აღნიშნული თანხით შეძენილი საკვები პროდუქტების გაცემა უკვე დავიწყეთ. მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული სიების საფუძველზე, მერია, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებსა და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს სასურსათო პაკეტებით დაეხმარება. პირველ ეტაპზე, პროდუქტები უკვე გადავეცით ბენეფიციარების ნაწილს. დღეს და ხვალ კი, შევეცდებით 50 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტები მოსახლეობის დარჩენილ ნაწილსაც მივუტანოთ,“ - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა.
დავით ჩიხრაძე მოსახლეობას მოუწოდებს გაითვალისწინოთ მთავრობისა და მედიკოსების რეკომენდაციები, დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ასევე ახლობლების ჯანმრთელობას.