საზოგადოება
20.04.2020 11:43
დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოებზე გასვლა აკრძალულია

დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა, შესაბამისად, ტაძრებში მიცვალებულთა მოხსენიება მოხდება და პანაშვიდი შესრულდება.

რაც შეეხება სასაფლაოებზე გასვლას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოებზე გასვლა აკრძალულია.

აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლას და გადაადგილებას.

სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია როგორც ქვეითად, ასევე ავტომობილებით.

ამ დროისთვის, ქვერნაქის დასახლებაში მდებარე გორის სასაფლაოზე არც ფეხით მოსიარულეების და არც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება არ შეინიშნება. სასაფლაოს შესასვლელთან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დგას.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების აღსრულებას სწორედ პოლიცია უზრუნველყოფს.

ეკლესიის სწავლებით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული შეწევნას საჭიროებს. მართლმადიდებელი მიცვალებულის სულზე ზრუნვა ხდება საღმრთო ლიტურგიაზე მოხსენიებით, პანაშვიდების გადახდითა და გარდაცვლილის სახელზე მოწყალების გაცემით.

მიცვალებულთა საზოგადო მოხსენიებისთვის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაწესებულია განსაკუთრებული დღეები, როდესაც აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, რომლის დროსაც იხსენიება  მართლმორწმუნე გარდაცვლილები.

 

მიცვალებულთა მოსახსენებელი დღეები 2020 წლის საეკლესიო კალენდრით:

  • ხორციელის შაბათი - 22 თებერვალი.
  • დიდმარხვის მეორე შაბათი - 15 მარტი.
  • დიდმარხვის მესამე შაბათი - 22 მარტი.
  • დიდმარხვის მეოთხე შაბათი - 29 მარტი.
  • კვირაცხოვლობის, თომას კვირის სამშაბათი - 29 აპრილი (აღდგომიდან მეორე შვიდეულის სამშაბათი).
  • სულთმოფენობის წინა შაბათი - 7 ივნისი.
  • დიმიტრის შაბათი - 1 ნოემბერი (აღინიშნება 8 ნოემბრის წინა შაბათი რომელ რიცხვშიც მოუწევს).
კვირის ამბები