მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდა, ველოსიპედი იმაზე ბევრად საჭირო ტრანსპორტი გახდა, ვიდრე ადრე იყო.
ამასთან, ამ დღეებში გორშიც გამოჩნდა, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი თურმე არცთუ ცოტას გვყოლია სახლებში, მაგრამ ცხადია, როგორც ტენდენციაა, ავტომობილებს ვანიჭებთ უპირატესობას.
არადა, ხშირად გვინახავს სხვადასხვა ვებგვერდებზე ფოტოამბები იმის შესახებ, როგორ გადაადგილდებიან ამა თუ იმ ევროპული ქვეყნების მთავრობათა მეთაურებიც კი კომფორტული ავტომობილების ნაცვლად ველოსიპედებით, აღარაფერს ვამბობთ ამ ქვეყნების რიგით მოქალაქეებზე.
ცნობილია, რომ საქართველოში ველოსიპედით ყველაზე ხშირად სამტრედიელები სარგებლობენ.
ძნელი სათქმელია, ამ თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის ქალაქებს შორის მერამდენე პოზიციაზე იქნება გორი, მაგრამ ვიცით, რომ აუტსაიდერები ნამდვილად არ ვართ. გორში არსებობს არცთუ მცირერიცხოვანი ველომოყვარულთა კლუბი და ერთი გამორჩეული ველომოგზაურიც გვყავს, რომელმაც ველოსიპედით მსოფლიოს შემოუარა.
დიახ, გორელმა ველომოგზაურმა ნოდარ ბერიძემ 2016 წლის 22 იანვარს გორიდან დაწყებული მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო 2018 წლის 23 მაისს გორის მთავარ მოედანზე დაასრულა.
ამ კუთხით, ქართველებს, მოგეხსენებათ, მსოფლიოში გამორჩეული ჯუმბერ ლეჟავაც გვყავს, რომელიც 1993 წლიდან 2003 წლამდე მოგზაურობდა დედამიწის გარშემო, მოიარა ყველა კონტინენტი და 234 ქვეყანა თუ ტერიტორია.
რაც შეეხება ველოსპორტს, როგორც სპორტის სახეობას, გვყავდა საყოველთაოდ აღიარებული ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე – მსოფლიოს ჩემპიონი და არაერთგზის პრიზიორი, ის იყო აგრეთვე მიუნჰენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. ველოსპორტით ომარ ფხაკაძე სპორტის ქომაგებისთვის რა თქმა უნდა კარგადაა ცნობილი, თუმცა, ჩვენი საზოგადოების უფრო ფართო ნაწილი მას იცნობს კინოფილმიდან ,,ხარება და გოგია“, სადაც ფხაკაძე ხარებას როლს თამაშობს.
მსოფლიოს უკვე ძალიან ბევრ ქალაქშია ველობილიკები, რაც ხელს უწყობს ამ ტრანსპორტის ფართო გამოყენებას მოსახლეობაში, რაც, თავის მხრივ, ჯანსაღი ცხოვრების წესსაც უწყობს ხელს და გარემოს დაცვასაც, რადგან ველოსიპედების სიმრავლე ავტომობილების რაოდენობას და შესაბამისად - გამონაბოლქვის სიმცირეს განაპირობებს.