,,ლადო ისეთი სპორტსმენია, ხშირად მერიდება კიდეც ჭიდაობის დროს მისთვის რჩევის მიცემა“ – ბევრჯერ უთქვამს ცნობილ გორელ მწვრთნელს ნუგზარ სხირელს ლადო ხინჩეგაშვილის შესახებ.
შეგირდის ასპარეზობის დროს სხირელის თავშეკავებას ის განაპირობებს, რომ ანგარიშშიც რომ იყოს ჩამორჩენილი, მან მაინც ზუსტად იცის, რა გზით მიიყვანოს პაექრობა გამარჯვებამდე.
გორელი ლადო ხინჩეგაშვილი გორის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია.
ხინჩეგაშვილი არის ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი. ამაზე მაღლა ჭიდაობაში აღარაფერია და ჯერჯერობით გორელთაგან სამივე ამ ტიტულისთვის სხვას არავის მოუყრია თავი. მოქმედ გორელ სპორტსმენთაგან ამ სამი ტიტულის ერთად შეკრებასთან ყველაზე ახლოს გენო პეტრიაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი არიან – პირველს საამისოდ ოლიმპიური ოქრო აკლია, მეორეს მსოფლიოს ჩემპიონობა.
დღეს ლადო ხინჩეგაშვილის დაბადების დღეა.
ჩემპიონი 29 წლის გახდა. რეგალიების მიუხედავად, მოკრძალებული ხასიათის და ბრძოლის ჟინით მუდამ მომართული ფალავანი განსაკუთრებულად უყვართ გორში და საქართველოშიც გამორჩეულად დაფასებულია.