სპორტი
17.04.2020 21:50
გორიდან, 2020 წელს, ჯერჯერობით მხოლოდ გენოს ოქრო ბრწყინავს

სპორტული წარმატებებით და სახელოვანი სპორტსმენებით გორი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია.

ჩვენი სპორტსმენებისგან, როგორც ყოველთვის, წლეულსაც ველოდით ხმაურიან გამარჯვებებს. როდესაც რეზონანსულ შედეგზეა საუბარი, პირველ ყოვლისა, ცხადია, ოლიმპიური თამაშები გვახსენდება. მაგრამ ოლიმპიადა – ეს მასშტაბური და უძველესი სპორტული ღონისძიება, ახალი კორონავირუსის გამო გადაიდო.

წლევანდელ ზაფხულს ტოკიოში ოლიმპიადა რომ ჩატარებულიყო, გორიდან 6 სპორტსმენს ჰქონდა ასპარეზობის შანსი და თუ პროგნოზებს გავყვებით, იაპონიის დედაქალაქიდან გორში სავარუდოდ 3 მედალი მაინც უნდა ჩამოსულიყო.

ტოკიოში, თავისუფალი სტილის მოჭიდავეთაგან გენო პეტრიაშვილს და ლადო ხინჩეგაშვილს უნდა ეასპარეზათ, ძიუდოდან ვაჟა მარგველაშვილის, ლაშა შავდათუაშვილის და ბექა ღვინიაშვილის იმედი გვქონდა. ამათ ემატებოდა ბირთვის მკვრელი გიორგი მუჯარიძე და გვეეჭვება ისე დასრულებულიყო შეჯიბრება, რომ ამ ექვსეულს სამი მედალი მაინც არ წამოეღო იაპონიიდან სამშობლოში.

სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებების გადადება – გაუქმებამდე, ერთის გამართვა მაინც მოესწრო და იქ ერთი ოქროს მოპოვებაც მოვასწარით. მხედველობაში გვაქვს ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც თებერვლის დასაწყისში რომში ჩატარდა და მასზე ჩვენმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი დაისაკუთრა.

იძულებით შესვენებამდე ვერ მოესწრო ევროპის ჩემპიონატების გამართვა ამავე სახეობაში ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში. იგივე მიზეზით ძიუდოს კონტინენტური ასაკობრივი ჩემპიონატები ჩაიშალა და რადგან გორელი სპორტსმენების შესახებ ვსაუბრობთ, აქვე კრივის ევროპული შეჯიბრებების გადადებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. სწორედ ამ სამ სახეობაში, რომ არა ეს იძულებითი შესვენება ახალგაზრდებში, ჭაბუკებში და მოსწავლეთა ასაკში საქართველოს ნაკრების წევრ დაახლოებით 15–მდე გორელ სპორტსმენს ჰქონდა შანსი ებრძოლა მედლებისათვის.

ახლა, როგორც მთელ მსოფლიოში და საქართველოში, გორშიც სპორტსმენები დარბაზების ნაცვლად სახლის პირობებში ვარჯიშობენ. ბუნებრივია, რომ ამ გზით სპორტული ფორმის შენარჩუნებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ეს გარკვეულ კონდიციამდე ყოფნას მაინც ხელს უწყობს.

ასე თუ ისე, 2020 წელს, გორიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ გენო პეტრიაშვილის ოქროს მედალი ბრწყინავს.

გადაივლის პანდემიის მიზეზით გამოცხადებული პაუზა სპორტშიც და პეტრიაშვილის მონაპოვარს რა თქმა უნდა ისევ დაემატება სხვა გორელი სპორტსმენების მედლებიც.

კვირის ამბები