700-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს სააღდგომოდ სასურსათო მარაგი გადაეცა. სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეების დახმარების ინიციატივა კომპანია „მშენებელი 80“-მა გამოიჩინა. რეგიონის რწმუნებულმა გიგი ხოჯევანიშვილმა ინიციატორებს თანამშრომლობისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი მუშაობა ძალზე მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შიდა ქართლში შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება, მათ შორის, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სოციალური სასადილოს ბენეფიციარებისთვის ყოველდღიურად ხდება საკვების ბინაზე მიწოდება, ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.
ამავდროულად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში, სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, გორში მოქმედი კერძო სექტორის წარმომადგენლებიც აქტიურად არიან ჩართულები. სხვადასხვა კომპანიები თუ ორგანიზაციები, შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს, პერიოდულად, სურსათითა და პირველადი მოხმარების ნივთებით ეხმარებიან.