საზოგადოება
17.04.2020 15:00
შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ავტომობილების მოძრაობა შეწყვეტილია

შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ავტომობილების მოძრაობა შეწყვეტილია. სტაციონარული საგუშაგოების გარდა, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული რეჟიმის აღსრულებას პოლიცია მობილური ჯგუფების მეშვეობითაც აკონტროლებს.

მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, რეგიონის ყველა საეჭვო ლოკაციაზე ჩატარდა მასშტაბური თერმოსკრინინგი და დამატებითი შემთხვევები არ ფიქსირდება.

,,12:00 საათიდან ამოქმედდა კიდევ უფრო გამკაცრებული რეჟიმი, რაც ითვალისწინებს ავტომობილებით გადაადგილების სრულ შეზღუდვას. ამ თვალსაზრისით, რეგიონში არსებულ მდგომარეობას სრულად აკონტროლებს პოლიცია და ყველა შესაბამისი ორგანო სამართლებრივ ზედამხედველობას უწევს საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული რეჟიმის აღსრულებას. ბუნებრივია, დარღვევის თითოეულ ფაქტზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს, რომ არ მოხდეს პანდემიის უფრო სწრაფი და მასშტაბური გავრცელება ჩვენს რეგიონში და ასევე მთლიანად საქართველოში. რაც შეეხება ხიდისყურს და ხოვლეს, სადაც ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, ორივე ლოკაციაზე ჩატარდა მასშტაბური თერმოსკრინინგი, არცერთი დამატებითი საეჭვო  შემთხვევა არ ფიქსირდება არც ხაშურის მუნიციპალიტეტში და არც კასპში.

ე.წ. ცხელების ცენტრებში, გუშინ იქნა აღებული სამი ნიმუში და გაიგზავნა ლაბორატორიაში, სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის ველოდებით პასუხებს.

სასაფლაოებზე გადაადგილების საკითხს რაც შეეხება, ჩვენთანაც, ცენტრალიზებული გადაწყვეტილების მიხედვით, დაიკეტება სასაფლაოები, დაიკეტება როგორც ავტომანქანებით, ასევე ქვეითად შემსვლელებისთვის“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

კვირის ამბები