საზოგადოება
17.04.2020 11:45
დღეს (წითელი) დიდი პარასკევია

დიდი პარასკევს ქრისტიანები იესოს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებენ. დიდი პარასკევი, ანუ წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას მხოლოდ სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე აღევნილება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსადკ პასკასაც რელიგიური დატვირთვა აქვს, ვინაიდან, უფლის ჯვარცმა სწორედ იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა. სახარების თანახმად, ამაღლებამდე, იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეუწყებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული, ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან. კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

კვირის ამბები