სპორტი
17.04.2020 11:39
პანდემიის გამო გაჩერებული სპორტი - ნახეთ, რომელი მნიშვნელოვანი ტურნირები ვერ შედგა

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მთელ მსოფლიოში, ფაქტობრივად, სრულად გაჩერდა სპორტი და საფრთხე შეუქმნა არაერთი დიდი შეჯიბრების ჩატარებას, რომელთა ნაწილი გადაიდო, ნაწილი კი აღარ გაიმართება.

ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიება, რომელიც პანდემიის გამო წლეულს ვეღარ ჩატარდება – ოლიმპიური თამაშებია, რომელიც ივლის–აგვისტოში ტოკიოში უნდა გამართულიყო. გადაწყდა, რომ თამაშებისათვის სალიცენზიო შეჯიბრებები 2021 წლის ივნისამდე გაგრძელდება, 2021 წლის 23 ივლისს კი, უშუალოდ ოლიმპიადა აიღებს სტარტს.

აქვე დავამატებთ, რომ თანამედროვე ოლიმპიური თამაშები 1896 წლიდან ტარდება და ის მხოლოდ მეორე მსოფლიოს ომის გამო არ ჩატარდა – 1940 და 1944 წელს. თუმცა მაშინ ის თამაშები უბრალოდ აღარ ჩატარდა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა კი ერთი წლით გადაიდო. შესაბამისად, ეს პირველი შემთხვევაა ოლიმპიადების ისტორიაში.

კორონავირუსმა წლევანდელ ზაფხულს დაგეგმილი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიც შეიწირა. ესეც ოთხ წელიწადში ერთხელ გასამართი ტურნირია და მიუხედავად იმისა, რომ ევროპისაა, მსოფლიოს მასშტაბით მილიარდზე მეტი მაყურებელი უნდა ჰყოლოდა (ცხადია ტელემაყურებლების ჩათვლით). ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ლოდინი ერთი წელიწადი მოგვიწევს.

პანდემიის გამო ჩაშლილი სხვა დიდი შეჯიბრებებიდან უნდა აღინიშნოს მასშტაბური და უაღრესად პოპულარული საჩოგბურთო ტურნირები – უიმბლდონი ინგლისში და ,,როლან გაროსი“ საფრანგეთში. პირველი როგორც ჩანს წლეულს ვერ გაიმართება, მეორეს კი ფრანგები შეეცდებიან შემოდგომით მაინც უმასპინძლონ.

საფრანგეთშივე სტარტს ვეღარ აიღებს პოპულარული ველორბოლა ,,ტურ დე ფრანსი“.

პანდემიის გამო შეწყდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ფეხბურთში, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გათამაშება (NBA) და ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) გათამაშება, ავტორბოლები, სპორტის დედოფლად წოდებულ მძლეოსნობაში დაგეგმილი მსოფლიოს მასშტაბის შეჯირებები, უამრავი ტურნირი სპორტის ბევრ სახეობაში, რომელსაც გულშემატკივარიც დიდი ინტერესით ელოდა...

ცალკე თემაა კოლოსალური ფინანსური ზარალი, რომელიც მსოფლიოს სპორტულმა სამყარომ პანდემიით გამოწვეული ტურნირების ჩაშლით მიიღო და რომლის დათვლაც ჯერ შეუძლებელია.

 

კვირის ამბები