საზოგადოება
16.04.2020 21:09
ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა იკრძალება

ხვალ, 17 აპრილს, დღის 12:00 საათიდან, ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა იკრძალება, -  აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ამ წუთებში გააკეთა.

ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება და ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაგრძელდება.

„ხვალ, 17 აპრილს, დღის 12 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. მინდა დავაზუსტო, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა ის ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ასევე, მუშაობას აგრძელებს ე.წ. დილივერის სერვისები.

ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნებართვების მიღების მიზნით უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ 144-ზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კვირის ამბები