სამართალი
16.04.2020 15:04
გასული 24 საათის განმავლობაში პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 234 ფაქტი გამოავლინა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 234 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 15 აპრილის 21 საათიდან 16 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 92 მოქალაქე დააჯარიმეს. გარდა ამისა, პოლიციამ, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 125 მოქალაქე დააჯარიმა. ამასთან, პოლიციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 4 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 15 000 ლარით.
კვირის ამბები