გორის მუნიციპალიტეტში ავტოპარკი, სავარაუდოდ, იანვრიდან განახლდება. ამ დროისთვის უცნობია, რა ფერის ავტობუსები მოემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეებს, თუმცა, ცნობილია, რომ გორის მუნიციპალიტეტში 30 ერთეული ISUZU-ს ფირმის ავტობუსი შემოვა და ევრო-5 ტიპის დიზელის საწვავზე იმუშავებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობას 18 ერთეული 8 მეტრი სიგრძის და 12 ერთეული 10 მეტრი სიგრძის ავტობუსი გადაეცემა და აღნიშნული სატრნსპორტო საშუალებები როგორც ქალაქის, ისე მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე გადანაწილდება.
აღნიშნული პროექტი საქართველოს 6 ქალაქში (ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, რუსთავი და ფოთი) 100 ახალი ავტობუსის შემოყვანას ითვალისწინებს. ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 10 მილიონი ევროთი აფინანსებს, პროექტის მთლიანი ღირებულება კი, 18 მილიონი ევროა.
ევრობანკის პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, 15 ოქტომბერს იმსჯელებს. შესაბამისი დადგენილების მიღების შემთხვევაში, თანხას ფინანსთა სამინისტრო მიიღებს, პროექტის განმახორციელებელი კი მუნიციპალური განვითარების ფონდია.