საზოგადოება
16.04.2020 13:46
დღეს დიდი ხუთშაბათია - მართმადიდებლური სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს
დიდ ხუთშაბათს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფერხთბანას, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას.
სახარების მიხედვით, ზიარების საიდუმლო უფალმა დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის ჟამს დაადგინა: „და როცა ჭამდნენ, აიღო პური იესომ, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი, აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ, ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული - მისატევებლად ცოდვათა".
მანამდე კი, მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს ფეხები დაბანა, ნიშნად სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა. დიდი ხუთშაბათის მსახურებაზეც მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფეხთბანვის რიტუალს ატარებენ.
ამავე დღეს, საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. ,,თორმეტი სახარება" ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება.
კვირის ამბები