STOP COVID აპლიკაცია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგონ იმყოფებოდნენ თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი ინოვაციური აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე ანდროიდის მომხმარებლებისთვის. იმის დასადგენად თუ რომელი სმარტფონები, იმყოფებოდნენ ერთმანეთთან სიახლოვეში გამოიყენება Bluetooth, GPS და სხვა ტექნოლოგიები.
„აპლიკაცია გადმოწერისა და დაინსტალირების შემდეგ, რეგისტაციას არ მოითხოვს, შესაბამისად, მომხმარებელი არ უთითებს პირად ინფორმაციას. აპლიკაცია თითოეული მომხმარებლისთვის ქმნის უნიკალურ ID-ს, რომლის მეშვეობითაც განსაზღვრავს სოციალურ კონტაქტებს. ყველა მონაცემი ინახება მობილურ ტელეფონში, ლოკალურად, კოდირების მძლავრი სისტემის გამოყენებით. მომხმარებლებს აქვთ სრული კონტროლი თავიანთ მონაცემებზე და თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ როდის და რა ინფორმაციის გამჟღავნება სურთ. სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს პერსონალური მონაცემთა დაცვის ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრას. თუ რომელიმე ადამიანს დაუდასტურდება COVID-19, ის პირები, რომელთაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ აღნიშნულ დადასტურებულ შემთხვევასთან, აპლიკაციის საშუალებით მიიღებენ გაფრთხილებას, ინსტრუქციით - დარჩნენ თვითიზოლაციაში და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის ორგანოებს“, - აღნიშნა აპლიკაციის პრეზენტაციისას ჯანდაცვის სამინისროს წარმომადგენელმა.
აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა. აპლიკაცია სრულადაა მოყვანილი ქართულ რეალობასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
ცნობისთვის, ამ აპლიკაციის მსგავსი მოდელი, უკვე წარმატებით დანერგა და გამოიყენა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორისაა იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და სხვა.