საზოგადოება
16.04.2020 12:49
გარდა იმისა, რომ აუშნოვებდნენ ქალაქის იერსახეს, საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეების ჯანმრთელობას - მერიის განცხადება გარევაჭრობის ობიექტების დემონტაჟზე

გორის რამდენიმე ქუჩაზე არსებული გარევაჭრობის ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს.

GMnews-ი უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს.

,,გორის ცენტრალური ქუჩები გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ხელოვნური ნაგებობებისგან და კონსტრუქციებისგან გათავისუფლდა.

მერიის თანამშრომლებისა და სამართალდამცავების მიერ დაწესებული სანქციების შესახებ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრეები ქართლის, ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე მაინც აგრძელებდნენ აკრძალულ საქმიანობას.

აღნიშნული ობიექტები, გარდა იმისა, რომ აუშნოვებდნენ ქალაქის იერსახეს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეების ჯანმრთელობას. ქუჩები, სადაც ხელოვნური სავაჭრო ნაგებობი იყო განთავსებული, დღის განმავლობაში ხალხმრავლობით გამოირჩეოდა და ინტენსიურად ირღვეოდა ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები.

გარევაჭრობა გორში 2018 წლის 8 მაისიდან აკრძალულია.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ კანონს, შეწყვიტონ უკანონო სავაჭრო საქმიანობა და მოშალონ თვითნებურად მოწყობილი ნაგებობი“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კვირის ამბები