15.04.2020 17:23
საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელთან კონტაქტში მყოფ 12 პირს კოვიდინფიცირება არ დაუდასტურდა
კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლეში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 12 ადამიანისგან აღებულ ნიმუშებზე პასუხები უარყოფითია. არცერთ მათგანს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა. შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, ვირუსულ ინფექციაზე სოფელ ხოვლეში საეჭვო 12 პირის ანალიზებზე უარყოფითი პასუხების მიუხედავად, საპოლიციო კონტროლი კვლავ შენარჩუნდება. „12 ნიმუშზე პასუხები უარყოფითია. სოფელ ხოვლეში პირველი ინფიცირებულის გარდა, სხვა დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. რაც შეეხება ზომების გამკაცრებას, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციას გავივლით უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან და შესაბამისი რეკომენდაციის მიხედვით ვიმოქმედებთ. რაც შეეხება სოფელში საპოლიციო კონტროლს, კვლავ შენარჩუნდება. შიდა ქართლში, კორონავირუსის კიდევ ერთი დადასტურებული ლოკაციის - ხიდისყურის თაობაზე გეტყვით, რომ კვლავ გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში თერმოსკრინინგი და ვითარების გართულება ან ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ხიდისყურში შენარჩუნებულია მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, რის საფულძველზეც სოფელში მოსახლეობის შესვლა ან გასვლა აკრძალულია, თუმცა, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ადგილობრივ მცხოვრებლებთან და მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება ხდება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა. შეგახსენებთ, საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და სამსახურში ხოვლედან დადიოდა, ვირუსული ინფექციის სიმპტომები 12 აპრილს დაუფიქსირდა. სოფელში 1000-მდე ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა.