საზოგადოება
15.04.2020 13:52
ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინდივიდუალური პლასტიკური ნიღბები მზადდება
სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინდივიდუალური დაცვის პლასტიკურ ნიღბების დამზადებას თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის პირადი შემადგენლობა უზრუნველყოფს და როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროცესი ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

„დამცავი ფარების დამზადების პროცესს ქვედანაყოფის ხელმძღვანელები აკვირდებიან, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ პერსონალის მიერ სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვას. ლოჯისტიკის სარდლობამ ინდივიდუალური დაცვის პლასტიკური ნიღბების დამზადება 17 მარტს დაიწყო და პირველ ეტაპზე 2500 ერთეული დამცავი ფარი დაამზადა. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდუალური ნიღბებით ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით მომარაგდებიან“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დამცავი ფარი მრავალჯერადი გამოყენებისაა და სადეზინფექციო ხსნარით იწმინდება.
კვირის ამბები