კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირება ერთ პირს დაუდგინდა, ადგილობრივი მოსახლეობის თერმოსკრინინგი დილიდან განახლდება. შიდა ქართლის მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, ხოვლეში გამკაცრებულია პოლიციური კონტროლიც.
,,სოფელ ხოვლეში გამკაცრებულია პოლიციური კონტროლი, შესაბამისად, მაქსიმალურად ხდება მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა. მას შემდეგ, რაც სოფლის მოსახლეს კოვიდინფიცირება დაუდასტურდა, 100-ზე მეტი ოჯახის თერმოსკრინინგი განხორციელდა, იგივე პროცესი უფრო მეტი ინტენსივობით და სიხშირით დილიდან განახლდება, რათა სრულად მოვიცვათ სოფლის მოსახლეობა. აქვე გეტყვით, რომ ყველა შესაძლო კონტაქტი იდენტიფიცირებულია, გაგზავნილია 11 ნიმუში და დღეს ველოდებით ანალიზების პასუხებს, სწორედ ამ შედეგების შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს და ვიმოქმდებთ”, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.
საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და სამსახურში ხოვლედან დადიოდა, ვირუსული ინფექციის სიმპტომები 12 აპრილს დაუფიქსირდა, რის შემდეგაც იგი კლინიკაში გადაიყვანეს. Covid 19-ის დადასტურების შემდეგ, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.