საზოგადოება
14.04.2020 20:50
დაავადებულის კონტაქტები არ არის ფართო - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაცია ხოვლეში კოვიდინფიცირების ფაქტზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა სოფელ ხოვლეში მუშაობა დაასრულეს. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებზე ეპიდზედამხედველობას კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები აგრძელებენ.

,,დღეისთვის დასრულებულია მუშაობა, აღებულია 11 ნიმუში. ადგილობრივი მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აგრძელებს ეპიდზედამხედველობას ამ პირებთან დაკავშირებით და თუ რამე იქნება საეჭვო ან სავარაუდო, შეტყობინების საფუძველზე, ისევ მოხდება ნიმუშების აღება და ამ ნიმუშების გადაგზავნა ლუგარის ცენტრში. ჩვენი გამოკვლევებით, დაავადებულის კონტაქტები არ არის ფართო და ის მხოლოდ ოჯახის წევრებს მოიცავს“, - განაცხადა  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა.

საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და სამსახურში ხოვლედან დადიოდა, ვირუსული ინფექციის სიმპტომები 12 აპრილს დაუფიქსირდა, რის შემდეგაც იგი კლინიკაში გადაიყვანეს. Covid 19-ის დადასტურების შემდეგ, მთელი დრის განმავლობაში მიმდინარეობდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება.

კვირის ამბები