საზოგადოება
14.04.2020 18:11
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკლესია არ დაიხუროს, დარწმუნებული ვართ, ვიპოვით ბალანსს ეკლესიასთან ერთად - პრემიერი

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკლესია არ დაიხუროს, ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა, ჩვენ ყოველთვის ასე გვიწევდა ამ ბალანსის პოვნა და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით ეკლესიასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ყველანი ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ მდგენელები ქვეყნის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და მოცემულობები იცვლება. ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება ერთი საათის განმავლობაში სრულად შეიცვალოს. მინდა მოგაწოდოთ სახელმწიფოს პოზიცია, რომ კანონი არ დაირღვევა, ვერ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთნი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას წარმოადგენს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, იზრუნოს თითოეული თავისი მოქალაქის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. გარდა ამისა, სახელმწიფოს ესმის, რომ ჩვენ ამ ვირუსთან ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ ისე გამარჯვებულები, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და უნდა გავუფრთხილდეთ რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყანა დღეს რთული გამოწვევის წინაშე დგას და აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არავის აქვს.

„ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევა არის ის, რომ ვიპოვოთ ოქროს ბალანსი, რომელზეც ახლა ერთობლივად და ყოველდღიურად ვმუშაობთ. იდეალური არაფერი არ არის. ჩვენ ვნახეთ სამწუხარო კადრები, მაგრამ ასევე, მთელმა მსოფლიომ ასევე იხილა კადრები, როგორ მიმდინარეობს ქართულ ეკლესიაში ღვთისმსახურება ადამიანებს შორის დისტანციის დაცვით და ესეც გახდა სამაგალითო. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, პირველ რიგში არის ადამიანის ჯანმრთელობა, სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკლესია არ დაიხუროს. ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა, ჩვენ ყოველთვის ასე გვიწევდა ამ ბალანსის პოვნა და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით ეკლესიასთან ერთად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კვირის ამბები