თიხის თანამედროვე ოსტატი, გიორგი ტატულაშვილი, რეგიონში ერთადერთი კერამიკოსია რომელიც წინაპრების საუკუნისწინანდელ ტრადიციას აგრძელებს.
გორის კერამიკული ნაწარმი განსაკუთრებით ცნობილი იყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში. შუაგულ ქართლში მზადდებოდა როგორც ყვითელ, ასევე, მოიასამნისფერო ჭიქურზე მწვანე საღებავებით მოხატული თიხის ჭურჭელი და ორნამენტული ფიგურები.
როგორც გიორგი ტატულაშვილი ამბობს, მისი გვარი ერთადერთია შიდა ქართლში, რომელიც აღნიშნული საქმიანობითაა დაკავებული. ხელობა წინაპრებისგან ისწავლა. ხალხურ კერამიკაზე მუშაობდნენ მისი ბაბუა და მამა. მათი სახლი, ძველი დროიდან საზოგადოების ცნობილი სახეების თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. უძველესი ტექნოლოგიებით შესრულებული მოჭიქული კერამიკის ნამუშევრები კი, უცხოელებისა თუ ადგილობრივების მხრიდან ინტერესმოკლებული არასოდეს ყოფილა.
გორის იასამნისფერჭიქურიანი კერამიკის ისტორიის გაცნობა დაინტერესებულ პირებს მალე, თიხის ოსტატის სახლის სარდაფში მოწყობილ მუზეუმში შეეძლებათ. გიორგი ტატულაშვილის სახელოსნო-მუზეუმი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით, წლის ბოლოსთვის საზეიმოდ გაიხსნება.