საზოგადოება
14.04.2020 17:05
სოფელ ხოვლეში აღებულია დამატებითი ანალიზები და პასუხებს ველოდებით - გიგი ხოჯევანიშვილი

კასპის მუნიცპიპალიტეტის სოფელ ხოვლეში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცს covid-19 დაუდასტურდა, სპეციალისტები დილიდან მუშაობენ. შიდა ქართლის გუბერნატორის, გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, სოფელში დილიდან აქტიურად მიმდინარეობს კოვიდინფიცირებულის ყველა შესაძლო კონტაქტის მოძიება და იდენტიფიცირება.

„სოფელ ხოვლეში დილიდან მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, მუშაობენ ეპიდემიოლოგები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები. მათ უკვე გამოკვეთეს ყველა შესაძლო კონტაქტი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი, ვისაც შეიძლება შეხება ჰქონოდა ინფიცირებულ ადამიანთან. აღებულია დამატებითი ანალიზები და როგორც კი მივიღებთ პასუხებს, დამუშავდება ეს ინფორმაცია და მივაწვდით ცენტრალურ შტაბსა და საკოორდინაციო საბჭოს. ადგილზე მუშაობს პოლიცია და მაქსიმალურად აკონტროლებს, რომ არ იყოს სოფელში გადაადგილება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მაცხოვრებელ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც საპატრიარქროს დაცვაში მუშაობს, კოვიდინფიცირება დღეს დაუდგინდა. ეს რეგიონში კორონავირუსის მესამე შემთხვევაა, ორი დღის წინ შიდა ქართლში კორონავირუსის შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

კვირის ამბები