საზოგადოება
14.04.2020 15:06
გასული წლებისგან განსხვავებით, აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოს მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს

ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო, აღდომის შემდგომ, მიცვალებულთა ხსენების დღეს, გორში არსებული სასაფლაოს მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს. აღნიშნული ინფორმაცია GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დაუდასტურა. გორის მერის განცხადებით, ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მუნიციპალიტეტში შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და გამონაკლისი არც მიცვალებულთა ხსენების დღეს დაიშვება.

„საგანგებო მდგომარეობა სხვა პირობებთან ერთად, გადაადგილებისა და თავშეყრის შეზღუდვას გულისხმობს. მოგეხსენებათ, ჩვენს მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, შეწყეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ვითვალისწინებთ რა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვალობით მოქმედი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, წინა წლებისგან განსხვავებით, მერია წელს არ გამოყოფს სასაფლაოს მიმართულებით მოძრავ უფასო ტრანსპორტს“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა GMnews-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 მარტს ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კვირის ამბები