ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან პროდუქტების ექსპორტის აკრძალვა შექმნის თუ არა საქართველოში დეფიციტს
ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) სასურსათო პროდუქტების ექსპორტის აკრძალვა საქართველოს ბაზარზე დეფიციტს არ გააჩენს - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული განცხადება უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციიდან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან შემდეგი პროდუქტების: ხახვის, ნივრის, ჭვავის, ბურღულის, წიწიბურას, ბრინჯის, სოიოს და მზესუმზირის ექსპორტირება აიკრძალა.
„სამინისტრო ქვეყანაში არსებულ სასურსათო მარაგებზე და მათ შევსებაზე, სავაჭრო ქსელებში პროდუქციის შეუფერხებელ მიწოდებაზე და ფასებზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. გარდა ამისა, სამინისტრო მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით. დღეისთვის, საქართველოში სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტი არერთი ქვეყნიდან ხორციელდება. მიუხედავად ამისა, დამატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე და ამ ბაზრებიდან იმპორტის განხორციელებაზე,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
ექსპორტის აკრძალვა 12 აპრილს შევიდა ძალაში და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში, საქართველო, ზემოთჩამოთვლილი დასახელების პროდუქციას სხვა ქვეყნებიდან შეიძენს.