14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს, ეს თარიღი ხალხმრავლობის გარეშე ჩაივლის. გორის მუნიციპალიტეტში, ტრადიციულად, ამ დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის ვარიანის სახლ-მუზეუმი სტუმრებს სხვადასხვა ღონისძიებით მასპინძლობს, თუმცა, წელს, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ღონისძიებები არ გაიმართება.
ნათია ადუაშვილი, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი: „ეს დღე ყოველთვის გრანდიოზულად აღინიშნებოდა ჩვენს მუზეუმში, ტარდებოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები - კონფერენციები, კონკურსები თუ თეატრალური წარმოდგენები. წელს გამონაკლისია, თუმცა, დარწმუენებული ვარ, ყველაფერი მალე გაივლის და ჩვენც ახალი იდეებით და ახალი შემართებით დავბრუნდებით“.
ქართული ენის დღე - ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის დრამატულ მოვლენებს უკავშირდება. რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. სტუდენტური მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.