ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ორი დადასტურებული შემთხვევაა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი უკვე ამოქმედდა. მხარის რწმუნებულის, გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, სოფელში, დამატებით, საეჭვო სიმპტომები არ ფიქსირდება.
,,ამ დროისთვის, ხიდისყურში სრულად ჩატარდა თერმოსკრინინგი, სოფლის არცერთ მოსახლეს რაიმე საეჭვო სიმპტომი ან გართულება არ აღენიშნება, შესაბამისად, სრულად კონტროლურებადია სიტუაცია. ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი სოფლის თითოეული მოსახლის ნებისმიერი საჭიროება, უკვე დაწყებულია ეს პროცესი და ამ საჭიროებებზე დროულად მოხდება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებას ადგილზე პოლიციური ძალები უზრუნველყოფს. კონტროლდება სოფლის შემსვლელ-გამსვლელი ყველა ძირითადი და მეორეხარისხოვანი გზა.
საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გარდა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში, სოფელ ხიდისყურში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტისა და მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება. ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ ხიდისყურში კორონავირუსით ინფიცირება ოჯახთან ერთად თბილისიდან სოფელში ჩასულ ახალგაზრდა ქალს ორი დღის წინ დაუდასტურდა, მეორე კოვიდინფიცირებული კი ადგილობრივი მცხოვრებია.