ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, სადაც კორონავირუსის ორი დადასტურებული ფაქტია, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა. ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში ვართ სოფელში მაცხოვრებელ თითოეულ ოჯახთან და მათ საჭიროებებზე მოხდება დროული რეაგირება. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას ადგილზე უზრუნველყოფს შსს-ს საპოლიციო ძალები. ყველა ღონისძიება გატარდება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსული ინფექციის მასშტაბური გავრცელება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.
საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გარდა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ხიდისყურში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტისა და მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება. ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისყურში კორონავირუსით ინფიცირება ახალგაზრდა ქალს გუშინ დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული თბილისის მაცხოვრებელია და იგი სოფელ ხიდისყურში ოჯახთან ერთად იყო ჩასული. აღნიშნულ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტშიმყოფია ის ადგილობრივი, რომელსაც ვირუსული ინფექცია დღეს დაუდასტურდა.