„სოფლებში, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე ტერიტორიაზე, ძალზედ რთულადაა ინტერნეტზე წვდომა. ბავშვები მეზობლიდან მეზობელთან დარბიან, რომ ინტერნეტით ისარგებლონ, უმრავლესობას არც კომპიუტერი და არც ისეთი ტელეფონი აქვს, რომ ჩაერთოს ე.წ. ონლაინ გაკვეთილებზე და ფაქტობრივად, ეს ბავშვები პროგრამას ვერ გადიან“, - ამ საკითხით გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელი GMnews-ს დაუკაშირდა და გვთხოვა გაგვერკვია, ხომ არ იგეგმება რაიმე სუბსიდიის გამოყოფა ან ინტერნეტის ვაუჩერების გადაცემა ამ კატეგორიის მოსწავლეებისთვის.
დეტალების გასარკვევად GMnews გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. როგორც ნანა ტერმაკოზაშვილი განმარტავს, იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ინტერნეტზე სათანადო წვდომა არ აქვს, სამინისტრომ ახალი პროექტი - „ტელესკოლა“ დანერგა.
„სუბსიდიებისა და ინტერნეტის ვაუჩერების გამოყოფასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რესურსცენტრის გავლით არაფერი იგეგმება. თუმცა, დაგიდასტურებთ, რომ სამინისტროს სიპ-მა - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, უკვე აღრიცხა მოსწავლეები და აქვს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენ მოსწავლეს რა დონის წვდომა აქვს ინტერნეტზე. სამინისტროს, ასევე, აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კომუნიკაციის რა საშუალებას იყენებს მოსწავლე - კომპიუტერი, პლანშეტი, ტელეფონი. დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ და შესაბამისად, ვერ გეტყვით, იგეგმება თუ არა რაიმე სუბსიდირება. შემიძლია გითხრათ ის, რომ სწორედ დისტანციური სწავლების პროცესში მსგავსი სირთულეების წარმოქმნის გამო დაინერგა პროექტი „ტელესკოლა“, მან უნდა ჩაანაცვლოს დისტანციური სწავლება იმ მოსწავლეებში, ვისაც ინტერნეტთან სათანადო წვდომა არ აქვს“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციის მიზნით, საქართველოში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა, სკოლებში კი, სწავლების დისტანციური მეთოდი დაინერგა. მოგვიანებით კი, იმ მოსწავლეებისთვის, ვისაც ინტერნეტთან ან შესაბამის პროგრამასთან სრულყოფილი წვდომა არ ჰქონდა, საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერით პროგრამა „ტელესკოლა“ დაიწყო, რომელიც ყველა კლასის მოსწავლეზეა გათვლილი.