შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, სადაც გუშინ ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, Covid-19 ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამ დროისთვის, სოფელში გამკაცრებულია ზომები და ხიდისყურის ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს.
გამკაცრებული ზომების პირობებში შეზღუდულია ადგილობრივი მაცხოვრებლების გადაადგილება. სოფელში შექმნილ მდგომარეობას შიდა ქართლის გუბერნატორი რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.
„მოგეხსენებათ, ხიდისყურში კოვიდ-19-ის შემთხვეა გუშინ დადასტურდა, შემდგომ, რეგიონიდან, ლაბორატორიული შემოწმებისთვის დამატებით გაიგზავნა 9 ნიმუში, საიდანაც ერთი დადებითი პასუხია. აღნიშნული ინფიცირებულიც ამ სოფლის მაცხოვრებელია. იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსული ინფექციის შემდგომი გავრცელების ლოკალიზება, გამკაცრდა ზომები - სოფლის შესასვლელებში ხორციელდება საპოლიციო კონტროლი და შექმნილ ვითარებაზე ინფორმირებულია ცენტრალური უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. ცოტა ხანში, ცნობილი იქნება შემდგომი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ვიმოქმედებთ", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირება გუშინ დაუდასტურდა, თბილისის მაცხოვრებელია და იგი სოფელ ხიდისყურში ოჯახთან ერთად იყო ჩასული. აღნიშნულ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფია ის ადგილობრივი, რომელსაც ვირუსული ინფექცია დღეს დაუდასტურდა.