საზოგადოება
13.04.2020 09:40
შიდა ქართლში მდებარე სოფელ ხიდისყურში, სადაც კოვიდ 19-ის შემთხვევა დადასტურდა, უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, სადაც კოვიდ 19-ის შემთხვევა გუშინ დადასტურდა, დღეს დილიდან უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა. სოფლის ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს. გადაადგილება შეიზღუდა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, მათი ანალიზების პასუხები ცოტა ხანში გახდება ცნობილი. თვითიზოლაციაში იმყოფება ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი მეზობლადმცხოვრები ოჯახის ყველა წევრი. ხიდისყურში დაიკეტა მაღაზიაც, რომლითაც ინფიცირებული ქალი ხშირად სარგებლობდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალს Covid 19-ით ინფიცირება გუშინ დაუდასტურდა. აღნიშნული პირი თბილისის მაცხოვრებელია და ხაშურის მუნიციპალიტეტში, გომის თემში, სოფელ ხიდისყურში მდებარე აგარაკზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

კვირის ამბები