ბზობის დღესასწაულზე, ღვთისმშობლის შობის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში წირვა გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
ეკლესიასა და მის ეზოში მრევლი დღესასწაულზე დილიდან შეიკრიბა. მოქმედი რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეკრებილები ფიზიკური დისტანციის დაცვას ცდილობდნენ.
წირვის მიმდინარეობისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მრევლს რამდენჯერმე მოუწოდა მღვდელმთავარმაც.
წელს, პირველად, გორში მოქმედი ტაძრების მიმდებარე ტერიტორიაზე ბზის რეალიზაცია არ მომხდარა. მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით თავად მივიდნენ, სადაც ბზა იკურთხა, მორწმუნეთა ნაწილს კი ბზის რტოები სასულიერო პირებმა გადასცეს.
დიდმარხვის მეექვსე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას ზეიმობს. მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს, პალმის თუ ბზის რტოებს უფენდა და ყოველი მხრიდან ისმოდა - ,,ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა”. ქრისტიანები ამ დღესასწაულს ბაიაობას, იგივე ბზობას უწოდებენ.
ბზობის დღესასწაული ყოველთვის აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება.