საზოგადოება
12.04.2020 09:34
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

დიდმარხვის მეექვსე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას ზეიმობს. მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს, პალმის თუ ბზის რტოებს უფენდა და ყოველი მხრიდან ისმოდა - ,,ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა”. ქრისტიანები ამ დღესასწაულს ბაიაობას, იგივე ბზობას უწოდებენ.

ბზობის დღესასწაული ყოველთვის აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

ბზობის დრესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ტარდება.

მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით მიდიან, სადაც ბზა იკურთხება.

შეგახსენებთ, რომ ბზობის დღესაწაულზე, გორისა და ატენის ეპარქიის ყველა ტაძარში წირვა ჩვეულებრივად ტარდება, თუმცა, ბზა არ გაიყიდება. მრევლს საშუალება აქვს, ბზის ტოტები თავად მიიტანოს ტაძარში, რომელსაც სასულიერო პირები აკურთხებენ.

როგორც GMnews-ს გორისა და ატენის ეპარქიაში განუცხადეს, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბზის დღესასწაულზე მისულ მრევლს ბზას თავად დაურიგებენ.

„ბზის არგაყიდვის ინიციატივა ჩვენი ეპარქიიდან წამოვიდა, თანაც - არა წელს. თუმცა, ხალხი ისე ნუ გაიგებს, რომ ბზის გარეშე დარჩება მრევლი, ვისაც აქვს საშუალება თავად მოიტანოს მცენარის ტოტები, დანარჩენებს კი, ტაძრის ეზოებში მდგომი ბზის ტოტები დაურიგდება. ეს იქნება პატარა ტოტები, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ არის საჭირო და ყოველგვარ აზრს მოკლებულია ბზის ტოტების დიდი შეკვრების კურთხევა, ერთი და იგივე მადლის მატარებელია ერთი პატარა ტოტიც და ერთი კონაც“, - აღნიშნეს GMnews-თან საუბრისას გორისა და ატენის ეპარქიაში.

კვირის ამბები