საზოგადოება
11.04.2020 16:47
ბზობის დღესასწაულზე გორისა და ატენის ეპარქიაში ბზა არ გაიყიდება

ბზობის დღესაწაულზე, ეპარქიის ყველა ტაძარში წირვა ჩვეულებრივად ჩატარდება, თუმცა, ბზა არ გაიყიდება, მრევლს საშუალება ექნება, ბზის ტოტები თავად მიიტანოს ტაძარში, რომელსაც მღვდლები აკურთხებენ. როგორც GMnews-ს გორისა და ატენის ეპარქიაში განუცხადეს, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბზობის დღესასწაულზე მისულ მრევლს ბზას თავად დაურიგებენ.

„ბზის არგაყიდვის ინიციატივა ჩვენი ეპარქიიდან წამოვიდა, თანაც არა წელს. თუმცა, ხალხი ისე ნუ გაიგებს, რომ ბზის გარეშე დარჩება მრევლი, ვისაც აქვს საშუალება თავად მოიტანოს მცენარის ტოტები, დანარჩენებს კი, ტაძრის ეზოებში მდგომი ბზის ტოტები დაურიგდება. ეს იქნება პატარა ტოტები, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ არის საჭირო და ყოველგვარ აზრს მოკლებულია ბზის ტოტების დიდი შეკვრების კურთხევა, ერთი და იგივე მადლის მატარებელია ერთი პატარა ტოტიც და ერთი კონაც“, - აღნიშნეს GMnews-თან საუბრისას გორისა და ატენის ეპარქიაში.

შეგახსენებთ, 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთს - ბზობას, მართლმადიდებელი ეკლესია წელს 12 აპრილს ზეიმობს.

კვირის ამბები