ლენტეხი საკარანტინო ზონად გამოცხადდა და ჩაიკეტა, - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩიქოვანის განმარტებით, ლენტეხში ზუსტად ის რეჟიმი იმოქმედებს, რაც ბოლნისისა და მარნეულში მოქმედებს.
„დღეს ლენტეხის რაიონში დაფიქსირდა შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი, რაც გვაძლევს იმის გათვლის საშუალებას, რომ ჩვენ უფრო ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ ამ რაიონში. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, ასევე, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს შემდეგს - ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც დღესდღეობით არის ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გავრცელება და შესაბამისად, არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება. დაწესებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება გადაადგილების საშუალება, ისიც მხოლოდ საკვებისა და წამლების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურებისთვის. ლენტეხის რაიონის შესასვლელ-გამოსასვლელ პუნქტებს გააკონტროლებენ შსს და თავდაცვის ძალები. უკვე დაწყებულია პროაქტიული თერმოსკრინინგი, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობენ,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების სულ 5 შემთხვევა გამოვლინდა. თავდაპირველად, 8 აპრილს კოვიდ19-ით ინფიცირება 53 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებოდა. დღეს კი ლენტეხის მუნიციპალიტეტში კიდევ 4 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა შორის ამ პირის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან, მათგან 1 კი, არასრულწლოვანია.