საზოგადოება
10.04.2020 14:28
კორონავირუსის ინფექციის შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად აგრესიული ტესტირება გორიდან დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში კორონავირუსის ინფექციის შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად აგრესიული ტესტირება უკვე დაწყებულია. უწყების ცნობით, აღნიშნული პროცესი, პირველად გორში დაიწყო.

„კორონავირუსის შესაძლო ინფექციაზე ტესტირება ჯარისკაცებს ადგილზევე ჩაუტარდებათ და მათ სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა არ დასჭირდებათ. პარალელურად, ასევე, დაწყებულია მედპერსონალის ტესტირებაც. რაც შეეხება, შემდეგ სამიზნე ჯგუფს, ეს იმაზეა დამოკიდებული, როდის ჩამოვა ტესტების შემდეგი პარტია საქართველოში,“ - აცხადებენ უწყებაში.

 

რაც შეეხება კითხვას, როდის ჩაუტარდებათ სასულიერო პირებს აგრესიული ტესტირება, სამინისტროში ჯერჯერობით ზუსტი დრო არ იციან, თუმცა, ხაზგასმით ამბობენ, რომ სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტი აუცილებლად ჩაუტარდებათ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით ცნობილი გახდა საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

 

კვირის ამბები