საზოგადოება
10.04.2020 12:00
საჯარო რეესტრმა სერვისების მიწოდება განაახლა

დღეიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სერვისების მიწოდებას აახლებს. ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საჯარო რეესტრის 150-მდე სახის მომსახურება დისტანციურად იქნება ხელმისაწვდომი. სერვისების ნაწილზე კი,   მოთხოვნისა და მიღების ფორმები გამარტივდა. მოქალაქის პორტალზე (My.gov.ge) და სააგენტოს ელფოსტაზე (info@napr.gov.ge) საჯარო რეესტრის მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ როგორც ბიზნესის, ისე უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები. გარდა ამისა,  მოქალაქეები დღეიდან, რამდენიმე ისეთი სერვისის მიღებასაც შეძლებენ, რომელიც საკუთრების უფლების დაცვისთვის დოკუმენტის მატერიალური სახით წარდგენას საჭიროებს. ასეთი მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი ჩაწერის გზით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 405 405. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის რიგს და შეხვედრას ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს.

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები სერვისის მისაღებად საჭირო მომსახურებას საცხოვრებელ ადგილზე გაუწევენ. მომსახურების გაწევის პროცესში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

კვირის ამბები