ჩინეთში კორონავირუსის აფეთქების პიკმა გადაიარა და ხალხი თანდათან ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ჩინელებმა შეზღუდვების მოხსნისთანავე საჯარო რეესტრებს მიაკითხეს და ქორწინების ანულირება მოითხოვეს.
მაგალითად, შანხაის პროვინციაში საჯარო რეესტრის გახნიდან რამდენიმე დღეში განქორწინების მსურველთა რაოდენობამ ყველა რეკორდი მოხსნა. სიტუაცია თანდათან გაუარესდა, როცა ოფისებში გაყრის მსურველთა დიდი რიგები წარმოიქმნა.
„პანდემიის გამო ბევრი წყვილი ლამის ორი თვის განმავლობაში სახლში გამოკეტილი აღმოჩნდა. მთელი დღეების ერთად გატარებამ კი ბევრი კონფლიქტის წარმოქმნას შეუწყო ხელი. გარეთ გამოსვლის შემდეგ წყვილებმა ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება იმპულსურად მიიღეს. გარდა ამისა, კარანტინის დროს საჯარო რეესტრიც დახურული იყო და მომლოდინეთა რაოდენობაზე ამ ფაქტმაც იმოქმედა“, - ვკითხულობთ ჩინურ გამოცემაში.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 31 მარტს გამოცხადდა, რასაც რამდენიმე დღეში საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინელებზე არანაკლები პრობლემებით ქართული ოჯახებიც თვითიზოლაციაში აღმოჩნდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დღეების განმავლობაში ოჯახური კონფლიქტების სტატისტიკა გაზრდილი არ არის. შსს-ის მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის თქმით, ამ პერიოდისთვის, ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა, პირიქით, იკლო, რაც, მინისტრის მოადგილემ საზოგადოების თვითშეგნების ზრდას დაუკავშირა.