საზოგადოება
09.04.2020 14:44
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ვერ ვახერხებთ ამ ადგილას ერთად შევიკრიბოთ და გავიხსენოთ ის ადამიანები, ვინც საკუთარი სისხლით ქვეყანას თავისუფლება მოუტანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიდი განსაცდელის მიუხედავად, ყველას ახსოვს 1989 წლის 9 აპრილი. მინდა, ამ ადამიანების წინაშე ქედი მოვიხარო. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა, ისე როგორც სხვა განსაცდელის დროს, ახლაც შეძლებს გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. დიდება გმირებს, ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

31 წლის წინ განვითარებული მოვლენებს გამოეხმაურა შიდა ქართლის გუბერნატორიც. გიგი ხოჯევანიშვილმა 9 აპრილის მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან გორის შესასვლელში მოწყობილ საგუშაგოზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, მინდა პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული ადამიანების ხსოვნას. 31 წლის წინ, 9 აპრილს მომხდარი ტრაგედია სამშობლოს სიყვარულის და თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოხატულებაა, ჩვენ დღესაც ბრძოლაში ვართ და როგორც მაშინ, ახლაც გვჭირდება ერთსულოვნება“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა, თუმცა, გასული 31 წლის ტრადიციისგან განსხვავებით, კორონავირუსის პანდემიის და ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, 9 აპრილთან დაკავშირებული მასშტაბური ღონისძიებები დღეს არ გამართულა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი, დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
საქართველოს უახლესი სისხლიანი ტრაგედიიდან ორი წლის თავზე კი, 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ, ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

კვირის ამბები