დამატებით გაკეთებულ ყველა ტესტზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი, შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს - გუბერნატორი
გასული დღე-ღამის განმავლობაში, შიდა ქართლის ე.წ. ცხელების ცენტრებიდან გაგზავნილ ყველა საეჭვო ნიმუშზე პასუხი უარყოფითია, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
„გუშინ, დამატებით გაკეთებულ ყველა ტესტზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი ლუგარის ცენტრიდან, შესაბამისად, ამ დროისთვის, შიდა ქართლის მოსახლეობაში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. რეგიონში სიმშვიდე გვაქვს როგორც კორონავირუსის გავრცელების, ისე დარღვევების თვალსაზრისით.
საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული პირობებისა და კომენდანტის საათის წესების დარღვევის სულ ორი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათში“, - განაცხადა მხარის გუბერნატორმა.