საზოგადოება
09.04.2020 13:42
თუ ბაზრის ადმინისტრაცია შეძლებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ახალი სტანდარტების შესრულებას, აგრობაზარი გაიხსნება - გიგი ხოჯევანიშვილი

„სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გუშინ შეხვდნენ გორის ბაზრების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს და ის სტანდარტები  და პირობები გააცნეს, რაც დადგინდა სახელმწიფოს მიერ.  ახლა უკვე დამოკიდებულია თვითონ ბიზნესოპერატორებზე, თუ შეძლებენ ამ სტანდარტების დაკმაყოფილებას, იმ შემთხვევაში აგრობაზარი გაიხსნება“ - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა. Gmnews -ი შეგახსენებთ, რომ

ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, რამდენიმე დღის წინ, საქართველოში, სხვა ობიექტებთან ერთად, აგრარული ბაზრებიც დაიხურა, თუმცა, ეკონომიკური და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარკვეული რეგულაციები შეიმუშავა. ახალი ნორმატიული აქტის თანახმად, ბიზნესოპერატორებს/მოვაჭრეებს, მუშაობის განახლება მხოლოდ იმ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში შეუძლიათ, თუ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, მომხმარებელთა ნაკადის გაკონტროლებისა და დისტანცირების მანძილის დაცვას ზედმიწევნით შეძლებენ.
GMnews-მა მოიძია ინფორმაცია იმ ვალდებულებების შესახებ, რომლის შესრულებასაც კანონი აგრარული ბაზრის მფლობელებს ავალდებულებს.
ბიზნესოპერატორი/ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია:
მიუხედავად იმისა, აგრარული ბაზარი განთავსებულია დახურულ თუ ღია სივრცეში, COVID-19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი უნდა გაიმიჯნოს სათანადო ნიშნების მითითებით; დახურული ბაზრის შემთხვევაში, შესასვლელში განათავსოს დეზობარიერი და დღეში რამდენჯერმე უზრუნველყოს სივრცის ვენტილაცია, სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია, ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე განათავსოს ხელსაბანები და საპირფარეშოები შესაბამის ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად და ასე შემდეგ.
როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, სამუშაო ადგილზე, სამუშაოს დაწყების წინ, ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, მოახდინოს მოვაჭრე პერსონალის იდენტიფიკაცია (მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) და გააკონტროლოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა (ტემპერატურის გაზომვით), ამასთან ერთად, არ დაუშვას მოვაჭრე პერსონალი, თუ გამოკითხვით დადგინდება, რომ: მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში; მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან; აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები; მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს, კერძოდ: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, ბაზრის ტერიტორიაზე მყიდველები პირბადის და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან. სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაცია კი, ვალდებულია, გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების დახურულ კონტეინერში განთავსება და უსაფთხოდ გატანა უზრუნველყოს. იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის ტერიტორიის მცირე სივრციდან გამომდინარე ვერ ხერხდება ყველა მოვაჭრის ერთდროულად განთავსება, ბაზრის დირექციამ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, უნდა შეადგინოს გეგმა-გრაფიკი და სხვადასხვა პროდუქტებით ვაჭრობა დღეების მონაცვლეობით (მაგ. ერთ დღეს დახლებზე განთავსდეს მხოლოდ ხილი და ბოსტნეული, მომდევნო დღეს ხორცი, ყველი და ა.შ) გამიჯნოს.

GMnews-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გორის აგრარული ბაზრები დაკეტილია და რაიმე ტიპის სამუშაოები არ ხორციელდება.

 

 

კვირის ამბები