მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მთავრობის მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით სარგებლობა არ სურთ, სემეკმა შესაბამისი პლატფორმა აამოქმედა
მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით, თუმცა, სოლიდარობის ნიშნად, არ უნდათ შეღავათით სარგებლობა, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ვებ.გვერდზე - www.gnerc.org/ge/covid-19 - შეუძლიათ.
მოქალაქეს მითითებულ ვებ.გვერდზე რამდენიმე ველის შევსება მოუწევს, შემდეგ კი, ინფორმაცია რეაგირებისთვის შესაბამის გამანაწილებელ კომპანიაში გადაიგზავნება.
„იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური შეღავათი გათვლილია სამი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე, მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსირონ ყოველთვიურად - ყოველ თვეზე ცალ-ცალკე. მარტის თვის გადასახადის შემთხვევაში, უარის დაფიქსირების ბოლო ვადაა 2020 წლის 11 აპრილი. ამასთანავე, თუ მოქალაქეებს, არ სურთ შეღავათით სარგებლობა, აღნიშნული სურვილის დაფიქსირება შესაძლებელია ერთიანად - სამივე თვეზეც“, - აცხადებენ სემეკში.
ცნობისთვის, პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.