საზოგადოება
09.04.2020 11:06
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემას განაახლებს
დღეიდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემას განაახლებს. მოქალაქეები, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მიღების სურვილს დისტანციურად დააფიქსირებენ, ხოლო მზა დოკუმენტს ფოსტის საშუალებით მიიღებენ.
ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით,
დაჩქარებული მომსახურების მიღება შეუძლებელი იქნება და სერვისს მომხმარებელი სტანდარტულად განსაზღვრულ ვადაში - ათ სამუშაო დღეში მიიღებს.
„იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის აღება სურს და აღნიშნულ დოკუმენტს ერთხელ უკვე ფლობდა, განაცხადის გაკეთება ვებ გვერდების - www.my.gov.ge ან www.sda.gov. ge -ის მეშვეობით შეუძლიათ. იმ შემთხვევაში კი,
ვისაც პირადობის ელექტრონული მოწმობის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი, 13 აპრილამდე უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს. 13 აპრილიდან კი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება, ზემოხსენებულ ონლაინ მისამართზეც. რაც შეეხება შემთხვევებს, როდესაც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს ან პირადობის ელექტრონულ მოწმობას, უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს“ - ნათქვამია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის პირები პირადობის ელექტრონულ მოწმობასა და ბიომეტრიულ პასპორტზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად, დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ.
კვირის ამბები