ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტი, კორონავირუსული ინფექციის პანდემიის პირობებში განსაკუთრებული რისკის ჯგუფში არ არის, თუ ის იცავს ყველა იმ წესს და რეკომენდაციას, რაც გაცემულია ჯანდაცვის ორგანიზაციების მხრიდან - განაცხადა ,,გორმედის“ ქსელის ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ლომსაძემ.
ლომსაძის რეკომენდაციით, მეტი სიფრთხილე მართებთ იმ ონკოლოგიურ პაციენტებს, რომლებსაც ამჟამად სპეციალური მკურნალობა უტარდებათ.
,,რაც შეეხება იმ ონკოლოგიურ პაციენტებს, რომლებსაც ამჟამად უტარდებათ სპეციალური მკურნალობა - ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია თუ სხივური თერაპია, მათი იმუნური სისტემა დასუსტებულია და ამ შემთხვევაში მეტად არიან რისკის წინაშე, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პათოლოგიის მქონე პაციენტები, შესაბამისად, მათ მართებთ მეტი სიფრთხილე, რომ არ დაინფიცირდნენ. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არ არის განპირობებული ონკოლოგიური პათოლოგიით, არამედ იმ ფაქტორით, რომ სპეციალური მკურნალობის თანმხლებია იმუნიტეტის დასუსტება.
,,გორმედის“ ქსელის ონკოლოგიური სამსახური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ინტენსიურად ხდება ონკოლოგიურ პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია, მათი ჯანმრთელობის მონიტორინგი, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში კი, ხორციელდება კლინიკაში ვიზიტიც“, - განაცხადა ნინო ლომსაძემ.