საზოგადოება
08.04.2020 17:46
ძველი გორი საავადმყოფოს და აფთიაქის გარეშე და სხვადასხვა ეპიდემიით გარდაცვლილი უამრავი ადამიანი

გორში საკმაოდ გვიან ამოქმედებულა საავადმყოფო. მე-19 საუკუნის ბოლომდე, ქალაქში საავადმყოფო არ არსებობდა. ვისაც საშუალება ჰქონდა, ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად თბილისში მიდიოდა, სხვები კი, გორში იმჟამად მოქმედ სამხედრო ჰოსპიტალს მიმართავდნენ სამკურნალოდ, თუმცა, ჰოსპიტალში მკურნალობა ფასიანი ყოფილა და გარდა ამისა, მოსახლეობას დიდად არ ხიბლავდა იქ არსებული კაზარმული რეჟიმი, უფრო მეტიც - ეს სამხედრო სამედიცინო დაწესებულება გორელებს გათანაბრებული ჰქონდათ სიკვდილთან.

იმ პერიოდის გორში საავადმყოფოს არარსებობის პრობლემა განსაკუთრებით მაშინ იჩენდა თავს, როცა სხვადასხვა გადამდები სნეულება ვრცელდებოდა.

ძალზე მძიმე მდგომარეობა შექმნილა გორში 1815 წელს, ასევე - 1828 წელს, ორივე შემთხვევაში, ქალაქში შავი ჭირი იყო გავრცელებული და მსხვერპლიც საკმაო ყოფილა. არანაკლებ მძიმე მდგომარეობა შექმნილა 1830 წელსაც, როდესაც თურქეთის ფრონტიდან დაბრუნებულ მეომრებს ქოლერის ეპიდემია შემოუტანიათ.

აღნიშნულ პერიოდში ძალზე დიდი გაჭირვება გადაუტანია გორის მოსახლეობას. გარდა იმისა, რომ გორის მაზრაში საავადმყოფო არ ფუნქციონირებდა, არც აფთიაქი ყოფილა.

პირველი აფთიაქი გორში 1830 წელს ამოქმედებულა, თუმცა, მისი მედიკამენტების წლიური ნორმა მხოლოდ 50 კაცზე ყოფილა გათვალისწინებული.

/მომზადებულია GMnews-ის მიერ ისტორიკოს ელდარ მამისთვალიშვილის წიგნის - ,,გორის ისტორია“ მიხედვით/

კვირის ამბები