აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე 10 დღე დარჩა. სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით ეკლესიას წესი ჯერჯერობით არ შეუცვლია. რაც შეეხება ზიარების წესს, ქართული ეკლესიის წარმომადგენელთა უმრავლესობა ცალსახად აცხადებს, რომ ,,ზიარება არის საკურნებლად სულისა და ხორცისა და ის არ შეიძლება დაავადების წყარო იყოს”. სასულიერო პირების ნაწილი კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებას ელის და მანამდე დუმილს ამჯობინებს.
,,გულსატკენია, როდესაც ვხედავთ და გვესმის, რომ სხვადასხვა ეკლესიაში, დღევანდელ დღეს, მსოფლიოს კარს მომდგარი განსაცდელის ჟამს, ეკლესიაში არის ხალხი და ამბობენ, რომ ისინი არ აზიარეს, ან ჯვარს არ ამთხვიეს - ვირუსი არ გადაგედოსო. ეს რწმენის უდიდესი დაცემაა, ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია ჩემთვის, პირადად, რიგითი სასულიერო პირისთვის ეს ყოველივე”, - განაცხადა ქადაგებისას რუის-ურბნისის ეპარქიის საღოლაშენის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამღვარმა მამა იაკობმა (მესტვირიშვილი).
მამა იაკობის ქადაქების ვიდეოჩანაწერი მრევლმა სოციალურ ქსელ Facebook-სა და ვიდეოპლატფორმა Youtube-ზე გაავრცელა.
,,ისმება კითხვა - მაშ, რისი გვჯერა? რას ვიტყვით იმ მრავალი განკურნებული ადამიანის შესახებ, ვინც ზიარებით განიკურნა, სიმსივნიანებისათვის, ეშმაკეულებისათვის, ტუბერკულოზიანებისთვის და სხვა მრავალი დაავადებისგან განკურნებულების შესახებ. მე გეკითხებით ყველას: მამებო, დედებო, ძმებო, მოძღვარნო, როგორ ხდება ეს - თუ თავად არ გწამთ ეს, ხალხს რა უფლებით უქადაგებთ? დიახ, მძიმეა განსაცდელი დღევანდელ დღეს, მაგრამ მე მჯერა, ჩვენ მას დავამარცხებთ უფლის მადლითა და ზიარების მადლით.
ვაძლევ კურთხევას ყველა ჩემ სულიერ შვილს, ხშირად ეზიაროს, გააძლიეროს ლოცვები, აღსარება თქვან, მოვიძოთ ჩვენ თავში ცოდვები, მოვემზადოთ უფლის მისაღებად და ვეზიაროთ.
თუ შენ გეშინია ზიარების და გგონია, რომ ზიარებით გადაგედება დაავადება, და თუ შენ დროებით შეაჩერებ ამ კეთილ საქმეს, ეს ხომ ეკლესიის მსახურების არსის დარღვევაა და მე გეკითხებით, ეს განსაცდელი თუ თვეები და წლები გაგრძელდა, ეკლესიამ შეწყვიტოს მსახურება? და სად არის უფლის სიტყვები: „და აჰა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე ამისა სოფლისა“.
ჩვენმა პატარა ქვეყანამ მრავალგზის დაამტკიცა ქრისტეს სიყვარული და კვლავაც დაამტკიცებს. ჩვენ, გადაშენება, ღვთის მადლით, არ გვიწერია.
კორონავირუსის გარდა, მსოფლიოს მრავალი განსაცდელი ჰქონდა და მრავალი ვირუსი ახსოვს, თუნდაც ავიღოთ ასი წლის წინანდელი ე.წ. ესპანური გრიპი. როცა მილიონობით ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ჩვენთან დაავადება ასეთი მასშტაბებით არ ყოფილა და ადვილად გადავიარეთ. ისმის კითხვა, რატო, როგორ მოხდა ეს? - ამისი პასუხი არის ერთადერთი: ზიარების მადლით. არ შეჩერებულა და არც შეჩერდება წირვა და ხალხის ზიარება უფლის მადლით.
ქართული მიწა წინაპართა სისხლით არის გაჟღენთილი, ჰაერი - ლოცვით და ჩვენზე ფიქრით, ხოლო მდინარენი - მათი ცრემლით არის სავსე, იმ იმედით, რომ ჩვენც არასდროს დავკარგავთ რწმენას და ქრისტეს გზას არ გადავუხვევთ“, - აღნიშნა სასულიერო პირმა ქადაგებისას.