საზოგადოება
08.04.2020 15:38
გაიმართება თუ არა მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“
სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწალეებისთვის, სასწავლო წელი 20 მაისს სრულდება. სხვა წლებისგან განსხვავებით, როგორი იქნება ,,ბოლო ზარი“ დისტანციური სწავლების პირობებში და რა ფორმით შეძლებენ ახალგაზრდები ამ ღონისძიების ჩატარებას, ჯერ კიდევ უცნობია. მიუხედავად ამისა, მეთორმეტეკლასელები „ბოლო ზარის“ დაგეგმვას ონლაინ აგრძელებენ და ფიქრობენ, რომ თვენახევარში, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება და სკოლის დამამთავრებელი ,,ბოლო ზარის“ გამართვას უპრობლემოდ შეძლებენ.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი, GMnews- თან საუბრისას ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, „ბოლო ზარის“ ჩატარების პერსპექტივას ვერ ხედავს.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მეეჭვება, მომდევნო თვენახევრის განმავლობაში ,,ბოლო ზარის“ ღონისძიების სკოლაში გამართვის იდეა განხორციელდეს. დღევანდელი ახალგაზრდები ისეთი კრეატიულები არიან, შეიძლება ეს აქტივობაც ონლაინ ჩაატარონ, თუმცა, დღეის მდგომარეობით იმის თქმა, რომ 20-დან 25 მაისის ჩათვლით (როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა), ახალგზარდები სკოლაში რაიმე აქტივობის განხორციელებას შეძლებენ, ვფიქრობ, ნაადრევია“, - აღნიშნა GMnews- თან საუბრისას ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა. საგანმანათლებლო დაწესებულებების გარკვეული ნაწილი (პროგრამულად უზრუნველყოფილი) სწავლების ონლაინ მეთოდზე გადავიდა, თუმცა, 30 მარტიდან, საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერით პროგრამა „ტელესკოლა“ დაიწყო, რომელიც ყველა კლასის მოსწავლეზეა გათვლილი.
კვირის ამბები