საზოგადოება
08.04.2020 15:19
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი დაიწყო და საბავშვო ბაღებიდან მშობლებს პროდუქტების გატანა უკვე შეუძლიათ.

სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, წინა ეტაპის მსგავსად, პროდუქტები ამჯერადაც ყველა აღსაზრდელზე გაიცემა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა.

„მოგეხსენებათ, პირველ ეტაპზე, არსებული პროდუქტები სოციალურად დაუცველ აღსაზრდელებზე გავეცით, თუმცა, მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად, მალევე მოხდა სასურსათო კალათის გაცემა ყველა აღსაზრდელზე. დაახლოებით ათდღიანი შუალედის შემდეგ, სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან პროდუქტების გაცემა კვლავ დავიწყეთ, თუმცა, ამჯერად, განსხვავებული შემადგენლობა გვაქვს. მოგეხსენებათ, მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში 6000-მდე აღსაზრდელი ირიცხება, ჩვეულებრივ, სწავლის პროცესში, სრული დასწრება არასდროს გვაქვს და შესაბამისად, შესყიდვასაც ბავშვთა რაოდენობის მიხედვით ვაწარმოებთ, ახლა კი, ხდება ყველა ბავშისთვის საკმარისი საკვების შესყიდვა და დაფასოება, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ გაიცემა პროდუქტი ეტაპობრივად.

ნამდვილად ვისურვებდი, დროულად დაუბრუნდეს ქვეყანა ჩვეულ რითმს და შესაბამისად, ჩვენი აღსაზრდელები - საბავშვო ბაღებს, თუმცა, მანამდე, ჩვენ ვიმოქმედებთ ქვეყანაში განვითარებული პროცესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღანელმა ლია კოვზიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თითოეული საბავშვო ბაღიდან მშობლებს დაუკავშირდებიან და პროდუქტების გატანის ვადებზე ინდივიდუალურად შეუთანხმდებიან.
კვირის ამბები