საზოგადოება
08.04.2020 15:05
ქართული წარმოების პირბადეები სარეალიზაციოდ სააფთიაქო ქსელებში უკვე ჩაეშვა
დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევიდა, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საწყის ეტაპზე სარეალიზაციოდ 400 ათასი პირბადე ჩაეშვა, თითოს ღირებულება კი, 50 თეთრი იქნება.
 
თურნავას თქმით, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს თითო პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, მთავრობა ფასის სუბსიდირებას მოახდენს და მოქალაქეებს მათი შეძენა პრაქტიკულად განახევრებულ ფასად შეეძლებათ.
 
„ქართული წარმოების პირბადეები სარეალიზაციუდ უკვე გავუშვით სააფთიაქო ქსელებში. დაახლოებით 2 დღეში, ეს პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდება. საუბარი გვაქვს წამყვან სააფთიაქო ქსელებზე: ავერსი, ჯი-პი-სი, პსპ და ფარმადეპო - ეს ოთხი ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენი პირბადეების გადანაწილება. რაც შეეხება ფასებს - იცით, რომ სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო ახდენს ნედლეულის მობილიზებას. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალო კომპანიები უსასყიდლოდ გვიკერავენ პირბადეებს, ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს 1 პირბადის შეკერვა უჯდება 1 ლარზე მეტი. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა, ჩვენი პირბადე რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, თითო გაიყიდოს 50 თეთრად,“ - განაცხადა თურნავამ.
 
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული პირბადეების გაყიდვაზე ლიმიტი დაწესდება და მოქალაქეს ერთ ჯერზე 3 პირბადის შეძენა შეეძლება. თურნავას განმარტებით, პირბადეებით ბაზრის გაჯერების შესაბამისად, შესაძლოა, ლიმიტი მოიხსნას.
კვირის ამბები