საზოგადოება
08.10.2019 18:16
,,მწვანე ბარათის მიღების მსურველები დარეგისტრირდით ოფიციალურ საიტზე” - აშშ-ის ვიცე-კონსულის რეკომენდაცია გორელებს

ამერიკის საელჩოს ვიცე-კონსულმა, რაიან ტერილიმ მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გორში გამართა. შეხვედრა ამერიკული კუთხის ორგანიზებით ჩატარდა.

ამერიკის ვიცე-კონსულმა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და განმარტა, რომ მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის 18 წლის ზევით და აქვს სრული ზოგადი განათლება. სრული ზოგადი განათლების არქონის შემთხვევაში, არსებობს მეორე გზა - საჭიროა გქონდეთ სამუშაო გამოცდილება იმ სფეროში, რომელშიც აშშ-ის შრომითი ბაზარი სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის. ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელი არ არის.

რაიან ტერილი მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მსურველებს დამატებით რეკომენდაციებს აძლევს:

  • დარეგისტრირდით მხოლოდ ოფიციალური საიტიდან dvlottery.state.gov;
  • თუ ინგლისური არ იცით, დაიხმარეთ სანდო პირი;
  • არავის გაანდოთ თქვენი უნიკალური კოდი;
  • განაცხადის შევსებისას თქვენი სახელი და გვარი ჩაწერეთ ზუსტად ისე, როგორც თქვენს საერთაშორისო პასპორტშია მითითებული;
  • თუ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებით, ოჯახის წევრების გრაფაში აუცილებლად მიუთითეთ მეუღლის მონაცემები;
  • თუ გყავთ შვილი/შვილები (21-წლამდე დასაოჯახებელი), ოჯახის წევრების გრაფაში აუცილებლად მიუთითეთ მისი/მათი მონაცემები;
  • ფოტოების გრაფაში ატვირთეთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ფოტოები (ფოტო უნდა იყოს მაქსიმუმ 6 თვით ადრე გადაღებული);
  • განმცხადებელს, რეგისტრაციის დროს უნდა ჰქონდეს მოქმედი პასპორტი;
  • რეგისტრაცია უფასოა.
კვირის ამბები